პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ერთმანეთს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია და პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილი დაუპირისპირდნენ.
სხდომის წამყვანმა, ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა ბიურო ისე დაასრულა, რომ ბექა ნაცვლიშვილმა სიტყვა გამოსვლა ვერ მოახერხა, რამაც მისი გაღიზიანება გამოიწვია.
"ვიფიქრე, დაასრულებს-მეთქი. არ მაძლევთ სიტყვას? რამე სასაცილოა?", - მიმართა ნაცვლიშვილმა კახიანს, რომელმაც განაცხადა, რომ სხდომა დასრულებული იყო.
სწორედ ამის შემდეგ მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება ნაცვლიშვილსა და ოდიშარიას შორის. მმართველი გუნდის წევრმა განაცხადა, რომ მზად იყო, ნაცვლიშვილისთვის მოესმინა, რაზეც პარლამენტის წევრმა უპასუხა, რომ არ აინტერესებდა მასთან საუბარი.
ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ ბექა ნაცვლიშვილმა და ბექა ოდიშარიამ თქვეს, რომ ერთმანეთთან კონფლიქტი არ ჰქონიათ.